როგორც ბლოგის წინა ჩანაწერში მაქვს აღნიშნული, „სამხედრო–სალაშქრო
საბაზო კურსს“ გავდივარ...
პირველი, საცდელი გასვლის შემდეგ, არც ისე ბევრი ადამიანი
გამოაკლდა ჯგუფს. თეორიულ შეხვედრაზე, მეთაურებმა აღნიშნეს კიდეც, ალბათ არ იყო საკმარისი
დატვირთვაო. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა,
რადგან სავარაუდოდ მომდევნო გასვლას გაართულებდნენ, მაგრამ თავს ვიმხნევებდი...
–რატომ უნდა
იყონ ჯგუფის შემცირებაზე ორიენტირებულები, პირიქით, კარგია რომ ამდენი ნებისყოფით სავსე
მოხალისე ჰყავთ...–ვფიქრობდი.
მოხალისეთა სიმრავლის გამო, ჯგუფი 2 ნაწილად გაყვეს და გასვლები 2 დღეზე გადაანაწილეს,
შაბათს და კვირას. მე კვირის ჯგუფში მოვხვდი და გამიხარდა, რადგან იმედი მქონდა, რომ
შაბათის ჯგუფის რეკრუტებისგან მცირე ინფორმაციას მაინც მივიღებდი იმის შესახებ – რა
გველოდა, მაგრამ სულ ტყუილად... აბსოლიტურად ვერაფერი ვერ გავიგე... გარდა იმისა, რომ
ვალდებულნი ვიყავით 2 ლიტრი წყალი წაგვეღო, მიუხედავად იმისა, გვჭირდებოდა ამდენი,
თუ არა.
აქტიურად ვათვალიერებდი
„აისის“ ფორუმს, სადაც ეწერა, რომ დაგვიმატებდნენ
„სასჯელის“ ახალ ფორმებს, რომ წინაზე რთული გასვლა იქნებოდა... დანარჩენის თქმის უფლება
კი არ ჰქონდათ, რადგან ეს „აისის“ საიდუმლოება იყო. ვხედავდი რამოდენიმე სასოწარკვეთილ კომენტარსაც,
გოგონა წერდა, „ძალიან მეშინია, ოღონდ მართლაო“. J
მსგავსი გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, როცა კვირა გათენდა და ამომავალი მზის სხივებმა ოთახში შემომჭყიტა, ხალისით ავდექი. ენერგიის ნაკლებობას განვიცდიდი, რადგან წინა დღეს ლაშქრობაში ვიყავი და 2 ღამე, ზედიზედ,
არ მეძინა.
დილის 9 საათზე შევიკრიბეთ... 2 ლიტრი წყალი ძალიან
მიმძიმებდა ზურგჩანთას. თან თითქოს ბურანში ვიყავი, ბოლომდე არგაღვიძებული...
–ვისაც 2 ლიტრი წყალი არა გაქვთ, ქვებს ჩაგილაგებთ ზურგჩანთებში!
– გვითხრეს მეთაურებმა პირველი მოწყობის დროს. კმაყოფილი სახით ვიდექი, რადგან უსარგებლო
ქვების ტარებას, გაცილებით მერჩივნა წყალი მეტარებინა.
სიარული დავიწყეთ თუ არა, მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდა, ფეხები არ მემორჩილებოდნენ, დაჭიმული
კუნთები ნაბიჯს არ მადგმევინებდნენ...
მეთაურმა მწკრივის წინ გადამიყვანა და ასე თუ ისე, მოვახერხე გზის გაგრძელება, თუმცა, წინ სირბილი გველოდა, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან გზები იყო გადასაკვეთი.
მეთაურმა მწკრივის წინ გადამიყვანა და ასე თუ ისე, მოვახერხე გზის გაგრძელება, თუმცა, წინ სირბილი გველოდა, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან გზები იყო გადასაკვეთი.
–იცოდე არ გაჩერდე, მომყევი, თორემ დანარჩენები იძულებულნი
იქნებიან შუა გზაზე გაჩერდნენ. – მითხრა წინ მიმავალმა მეთაურმა.
სირბილისას ჩემი ზურგჩანთა და სამხედრო ჩექმები ორმაგად
დამძიმდნენ. კინაღამ სუნთქვა შემეკრა.
–მოიხსენი და მომეცი შენი ჩანთა, ვანელები ვართ და უნდა
გავიტანოთ ერთმანეთი. –მომესმა ზურგს უკან.
თვალებაციმციმებული შემოვბრუნდი. შავლეგო, ბიჭი რომელმაც გადამარჩინა იმ მომენტში, თორემ უკვე
ვფიქრობდი, რომ დავნებდებოდი და „დავიჭრებოდი“.
ვიარეთ, ვიარეთ...
ავიარეთ „მკვლელი“ აღმართი...
მცირე შესვენების და წყლის დალევის უფლება მოგვცეს.
...მერე კი გზა გასწორდა... ჩემი კუნთებიც ენერგიაზე
მოვიდნენ და ჩანთაც გამოვართვი შავლეგოს.
მცირე ფიზიკური გავარჯიშების შემდეგ, ძირსაგებები გავშალეთ,
ზედ დავსხედით და მომხსენებელს შევაცქერდით.
ქარი ქროდა, მაგრამ არა ძლიერი... აცხუნებდა მზე და ეს გრილი ქარი სასიამოვნოც კი იყო...
ქარი ქროდა, მაგრამ არა ძლიერი... აცხუნებდა მზე და ეს გრილი ქარი სასიამოვნოც კი იყო...
თავს ვერ ვარიდებდი მზის მცხუნვარე სხივებს. ლოყები
დამებრაწა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მცირე შესვენება. თუმცა
ამას შესვენება არ ერქვა. ფიზიკური აქტივობებით დაგვტვირთეს.
სიახლე, ეს იყო – გადაბმული ბუქნები...
სიახლე, ეს იყო – გადაბმული ბუქნები...
მე არა მიშავდა რა, ბიჭებს შორის ვიდექი და სულაც არ
გამჭირვებია, საფუძვლიანად ვეყრდნობოდი მათ მხრებს, რაც ასმაგად მიადვილებდა საქმეს.
–გინდათ კიდევ?!
–დიააახ!
–ვიღაცამ თქვა არაო!–დასასჯელი მიზეზი ხელიდან არ გაუშვეს
მეთაურებმა...
–მანამ გააგრძელებთ, სანამ არ გამოვა ის, ვინც „არა!“ დაიყვირა!
ჯიუტად დუმდა ყველა...
დაღლილობა შემოგვეპარა...
უეცრად, ჩემს გვერდით მდგომმა შავლეგომ ხელი ასწია: –მე ვთქვი ბატონო მეთაურო!
–გამოდი წინ 3 ნაბიჯით!
პროტესტის გრძნობამ ტალღასავით გადამიარა და წამლეკა,
რადგან ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ჩემი „ვანელი“ არაფერ შუაში იყო.
–არა, არა, ტყუილია, მას არ უთქვამს!–წამოვიძახე ინსტიქტურად.
–შენც გამოყევი, ადვოკატო!
ენაზე ვიკბინე, მაგრამ რაღა დროს...
–დანარჩენები, გადადით მუშტებზე და გააკეთეთ 20 აზიდვა!
– დასჭექა მეთაურმა. –თქვენ კი, ჩემთან ერთად ხმამაღლა დაითვლით!–მოგვიბრუნდა ჩვენ...
ნირწამხდარი ვიდექი.
–ხმამაღლაააა! შენი ხმა არ მესმიიის! – თვალებს მიბრიალებდა
მეთაური.
....... ექვსი, შვიდი, რვა.... – შევუერთდი თვლას ხმადაბლა.
მხოლოდ ის მამშვიდებდა, რომ გაღიმებულ სახეებს მაინც
ვხედავდი აქა–იქ...
–ჰაა, გაბრაზდით ცოტა, ამათ გამო ისჯებით! – მიმართა
რეკრუტებს მეთაურმა.
მსგავსი ინცინდენტის შემდეგ, რთულია გააქარწყლო ვანელობასთან დაკავშირებული სტერეოტიპი, რადგან დამამტკიცებელი არგუმენტი სახეზეა...
მე და შავლეგო, ორი ვანელი, ვიდექით და ჩვენს გამო, ნებით თუ უნებლიედ, დასჯილ გუნდს,
აზიდვების რაოდენობას ვუთვლიდით.
მერე ისევ გაგრძელდა ლექცია, რომელმაც დაახლობით დღის
2 საათამდე გასტანა.
გაშუადღდა.
მოგვშივდა...
ლექციის შემდგომ პრაქტიკული დავალებების შესრულება გვევალებოდა.
ბატონ ზაზას,
ყველაზე ლოიალურ მეთაურს, ქარიან ამინდში, ორმოში ცეცხლის დანთების მეთოდი უნდა აეხსნა,
როგორ უნდა გაუკეთდეს ორმოს დამატებითი საჰაერო და როგორ უნდა შეინიღბოს ადგილი, სადაც კოცონი ენთო.
ორ ჯგუფად გაგვყვეს. სანამ ჩვენ წესებს ვისმენდით, მეორე
ჯგუფი ფიზიკურ აქტივობებს აკეთებდა. მერე როლები
გაიცვალა, ამჯერად ჩვენ დავკავდით „გადაბმული ბუქნებით“.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ბ–ნ ზაზას, მეორე ჯგუფთან, სიტყვა ძალიან გაუგრძელდა, ჩვენთან ნამდვილად არ დასჭირვებია ამდენი დრო მინი–ლექციისთვის.
მეთაურებმაც, რა თქმა უნდა, არ მოგვაცდინეს და გვიმატებდნენ და გვიმატებდნენ ბუქნების რაოდენობას.
ჯაჭვში ერთ–ერთს ისტერიკული სიცილი აუტყდა...
გაიყვანეს და წინ დააყენეს.
–სანამ შენ იცინებ, ჯგუფი ბუქნებს არ შეწყვეტს! – უთხრეს.
ვერა და ვერ დამშვიდდა...
მისი მხიარული
განწყობა ყველას გადაედო...
მეც მეცინება, მეც გამოვალ!–წავიბუზღუნე დაღლილმა.
შენ იქნები, ახლა მუშტებზე რომ გადახვალ და იქ იცინებ!
– მომიჭრა მეთაურმა.
ამასობაში ბატონმა ზაზამ დაგვინდო და მეორე ჯგუფი გაანთავისუფლა.
5–კაციან ჯგუფებად დაგვყვეს. დაგვირიგეს საჭირო აღჭურვილობა.
გუნდს ევალებოდა მოეპოვებინა შეშა,
გაეშალა კარავი,
დაენთო ცეცხლი, წესის მიხედვით და ამ ცეცხლზე აედუღებინა წყალი, ჩაისთვის.
სადილობის უფლებას გაძლევდნენ მხოლოდ მაშინ, როცა აქაფქაფებული ჩაით სავსე ჭიქა ან მისი ალტერნატივა, ბოთლის გადანაჭერი გვეჭირებოდა ხელში.
გაეშალა კარავი,
დაენთო ცეცხლი, წესის მიხედვით და ამ ცეცხლზე აედუღებინა წყალი, ჩაისთვის.
სადილობის უფლებას გაძლევდნენ მხოლოდ მაშინ, როცა აქაფქაფებული ჩაით სავსე ჭიქა ან მისი ალტერნატივა, ბოთლის გადანაჭერი გვეჭირებოდა ხელში.
ამის გარდა,
სათითაოდ, ყველას უნდა გადაგვეხერხა
ტოტი და დამოიკიდებლად აგვენთო სალაშქრო ქურა...
გუნდში 3 გოგო და 2 ბიჭი მოვხვდით. პირველ რიგში გუნდის ლიდერი დაგვინიშნა მეთაურმა.
საქმეს შევუდექით...
–ჩვენ გივის გავყვებით შეშაზე, შენ კი
გიორგის ორმოს ამოთხრაში დაეხმარე.–
გადაანაწილა ფუნქციები ლიდერმა.
ფეხი მოვირთხე და დავჯექი.
–შენ რატო ზიხარ უსაქმურად? – მომიახლოვდა ერთ–ერთი
მეთაური.
–არა ვარ უსაქმურად, გიორგი ორმოს თხრის, მე კი ფსიქოლოგიურად
ვამხნევებ...
–ეცადე რამე გააკეთო! – მითხრა მან.
ამასობაში გუნდის წევრებიც მოვიდნენ და მე გამალებით
შევუდექი მათ მიერ მოტანილი ტოტების დატეხვას,
რომ ორმოში კარგად ჩატეულიყო.
მეთაური მოგვიახლოვდა ხერხით და მსხვილი ტოტით.
მოდი აბა მარი, ვნახოთ როგორ გადახერხავ. – მიმიხმო...
ხერხი ჩავბღუჯე და ტოტი ისე სწრაფად გავხერხე, თვითონვე გახარებული დავრჩი.
კარავიც გავშალეთ... სალაშქრო ქურაც ავანთეთ... გიორგის ძალისხმევამაც
შედეგი გამოიღო და ორმო გაღრმავდა.
–შეგვიფასეთ, საკმარისად ამოვთხარეთ?–მოვიხმეთ ახლოს
მყოფი მეთაური.
–ეს რა ღრმა ამოგითხრიათ!
–ესე
იგი ამოვავსოთ? –ვკითხე გულუბრყვილოდ.
დამცინავად
გადმომხედა.
–რა უნდა ამოავსოთ, ერთი ამდენი სიღრმე უნდა დაამატოთ!
„მე აქ არა ვარ“ შეგრძნება დამეუფლა.
ცუდად მოხვდა თვალში ჩემი ჯდომა მეთაურს.
–აჰა შენ ხერხი... ეს ტოტი ათ ნაწილად დამიხერხე და
ლამაზად დამილაგე! –მომცა დავალება. – ოღონდ
ხელი არ მოიხერხო...
წინასწარ მოვნიშნე გადასახერხი ადგილები, რომ თანაბარი
ნაჭრები გამომსვლოდა და გულმოდგინედ
დავიწყე ხერხვა. 7 ნაჭრის მოხერხვის შემდეგ,
მივხვდი, რომ რაც უფრო მოკლდებოდა ტოტი, მით უფრო რთულდებოდა მისი გადახერხვა.
დავალების მომცემი დავიგულე ახლოს.
–თანაბარი ზომის ნაჭრები უნდა იყოს? – ვკითხე.
–ათ
ნაწილად დახერხე! –გაიმეორა ბრძანება.
ჩამეცინა.
დარჩენილ ტოტს ორი, უთხელესი ნაჭერი მოვახერხე, საქმე
გავიმარტივე, მერე სიდიდის მიხედვით დავალაგე.
–თქვენი დავალება შესრულებულია! – მოვახსენე მეთაურს.
სასაცილოდ გამოიყურებოდა ბოლო 2 ციცქნა გადანახერხი,
მაგრამ მთავარი ისაა, რომ დავალება შესრულდა.
ამასობაში ცეცხლიც აგიზგიზდა...
წყალი ასადუღებლად
ჩამოვკიდეთ კოცონის თავზე, ირგვლივ შემოვუსხედით და მშიერი თვალებით ვადევნებდით თვალყურს, მისი ადუღების პროცესს...
წყალიც ათუხთუხდა
და ჩაიც მოგვცეს მეთაურებმა.
ეს იყო უგემრიელესი ჩაი... ჩვენივე შრომით ადუღებული.
და სადილი... ამ უგემრიელეს ჩაისთან ერთად.
მერე ისევ გატიკნული მუცლები და თავისუფალი დრო, განცხრომისთვის...
მზე რომ აცხუნებს და სასიამოვნო სითბო გთანგავს...
ყველა გუნდმა ისადილა. ზოგი ვაშლს წვავდა დესერტად,
ზოგი ბანანს... მხოლოდ ერთი გუნდი ჩამოგვრჩა... დაუგვიანდათ ცეცხლის ანთება...
მეთაურმა ჩამოგვიარა.
-მორჩით ჭამას? ჩაალაგეთ ჩანთები! ......... თქვენი ჩაი არ ადუღდა? - უთანაგრძნო
დაგვიანებულებს.
საბოლოოდ მათაც ეღირსათ სადილობა.
მოვემზადეთ გასვლისთვის. მწყობრში დავდექით. მეთაურმა აგვიარ-ჩაგვიარა და... ბარი მომაჩეჩა.
-რად მინდა? - გავიკვირვე გულწრფელად.
-როგორ თუ რად, უნდა წამოიღო!
-დიდი მადლობა, რა კეთილი ხართ. - გავუღიმე.
- 20 ბუქნი გააკეთე!
შედავებას აზრი არ ჰქონდა.
სასწრაფო წესით მოვიხსენი მძიმე ჩანთა.
-ვინმემ გითხრა ჩანთა მოიხსენიო?! აიღე და ხმამაღლა დაითვალე!
დავიწყე: -ერთი, ორი, სამი.... ჩანთა უსაშველოდ დამძიმდა.
უკან მექაჩებოდა...
სხვა გზა არ იყო, ვისარგებლე მეთაურის წუთიერი უყურადღებობით
და 5 ბუქნი „გავახალტურე“.
ლასლასით დავუბრუნდი ადგილს.
დავიძარით... ფეხის კუნთებმა ისევ მიღალატეს და ისევ
წინ გადასვლის ბრძანება მომცა მეთაურმა. ამ გასვლის დროს, შევამჩნიე, რომ ენერგიაგამოცლილი
მწყობრელის წინ გადაყვანა, ძალიან ამართლებს. არ ვიცი მოტივაციას ამაღლებს თუ სხვა
მიზეზია, მაგრამ ფაქტია, რომ დაუბრკოლებლად გავაგრძელე სიარული.
აქვე, აუცილებლად
უნდა აღვნიშნო, ძალიან ამაბუზღუნა ფაქტმა,
რომ არავითარი ქვები არ ჩაულაგეს ჩანთებში უწყლოდ წამოსულ რეკრუტებს, რომ თანაბარ მდგომარეობაში
ვყოფილიყავით. გამოვიდა, რომ მეც შემეძლო ძალიან მსუბუქად მევლო დილით, თუ მაინც არანაირი სასჯელი არ მოყვებოდა ამას... ნახევარი გზა ჩემი ბეჭები ღალა ამ 2-ლიტრიანმა ბოთლმა,
მერე კი შავლეგოს ბეჭებზე გადაინაცვლა... სამაგიეროდ, დაბრუნებისას დრო ვიხელთე და
მოვახერხე ბოთლის საფუძვლიანად გამოცარიელება და შემსუბუქება, მეთაურებისგან მალულად,
რადგან სასმელი წყლის გადაქცევა, კატეგორიულად იკრძალება.
თუმცა დიდი ვერაფერი ხეირი, სამაგიეროდ ბარის წონა დაემატა
ჩემს ზურგჩანთას..
დავბრუნდით.
ვიარეთ, ვიარეთ.... გადავიარეთ ვრცელი, ფერფლისფერი
მინდვრები...
ქალაქიც გამოჩნდა და ჩვენი გასვლაც დასასრულს მიუახლოვდა... თუმცა მანამდე ერთი „მკვლელი“ აღმართის არბენა და ცნობისმოყვარე ცხენის მოგერიება მოგვიხდა.
ქალაქიც გამოჩნდა და ჩვენი გასვლაც დასასრულს მიუახლოვდა... თუმცა მანამდე ერთი „მკვლელი“ აღმართის არბენა და ცნობისმოყვარე ცხენის მოგერიება მოგვიხდა.
ამ დღემ ძალიან დაგვაახლოვა ყველა...
მეტროში სიმღერით დ შემთხვევით დამგზავრებული მეთაურის
ღიმილით დასრულდა დღე...
დასრულდა და დატოვა უზომო დაღლილობისა და კმაყოფილების
შეგრძნება.