среда, 2 апреля 2014 г.

ნავიგაცია (ცოფიანი ქარი)

ნავიგაცია...
საველე გასვლა, სადაც ძლივს მოვახერხე წასვლა ჩემი გადარეული დღის რეჟიმის გამო.
წინა დღით წვიმდა, საშინლად ციოდა და დასავლეთში ხვავრიელად ჩამობარდნა კიდეც.
გასვლის ღამეს კი, ისეთი ქარი ამოვარდა, მთელი ღამე არ დამაძინა... მეგონა, რომ ან ფანჯარას შემომიგლეჯდა, ან სახურავს ახდიდა კორპუსს...
მაღვიძარამ სრულიად უსარგებლოდ დამირეკა დილით, მაინც მეღვიძა...
მინდოდა წასვლა, რა თქმა უნდა, მაგრამ გულს მიკუმშავდა ამინდი... რადგან, რთულად ვუძლებ სიცივეს.
რაც შემეძლო თბილად ჩავიცვი, ხელთათანებით და ქუდით შევიარაღდი და შეკრების ადგილისკენ გავეშურე.
მეტროში შავლეგო შემხვდა და პირველი, რაც გავაკეთე, სიგარეტი წავართვი მასაც და მის მეგობარსაც, თორნიკეს, რომელიც ასევე ერთ-ერთი გამომწვევი იყო ჩვენი უმოწყალო „დასჯისა“ წინა გასვლაზე. 
გამოვართვი  იმ პირობით, რომ დღის ბოლოს დავუბრუნებდი(კიდევ რომ არ მოენდომებინათ ჩუმად მოწევა)...
შეკრების ადგილზე მობუზულები დამხვდნენ რეკრუტები.
ქალაქში კიდევ არა უშავდა, როცა ქალაქიდან გავედით, ორმაგად გაძლიერდა ქარი...
მივდიოდი და თვალებს ძლივს ვახელდი... ქარი მწყობრიდან ხან  მარჯვნივ მაგდებდა, ხან-მარცხნივ და ჩემს უკან მომავალი გივი სიცილით იგუდებოდა ამის გამო...
ლისის ტბის ტერიტორიაზე გვქონდა საველე პრაქტიკა.
ცოფიანი ქარი ქროდა.
ყინავდა...
...მომენტი, როცა ხვდები, რომ უკვე ნაბიჯის გადადგმა გიჭირს, რადგან კუნთები გაგეყინა... სისხლიც...
მოგვაწყვეს...

რეკრუტების ნახევარი ჯგუფებად გადაანაწილეს.
სანამ მათ დავალებებს აძლევდნენ,  ჩვენ,  დარჩენილები,  უმოქმედობისგან გავითოშეთ.
-ოც აზიდვას გააკეთებდა კაცი. - ინატრა ჯუტამ, ერთ-ერთმა რეკრუტმა.
ყველანი უყოყმანოდ დავეთანხმეთ,  კბილების კაწკაწით.
-აზიდვებს ხომ არ შემოგვთავაზებდით ბატონო მეთაურო? - გაახმიანა ჩვენი სურვილი ჯუტამ.
-არა! რა მოხდა, გცივააათ?!
-დიიიიიიახ!
-კარგიააა!!!
-გავაკეთებთ რა აზიდვებს...
-ლაპარაკიიიი!!!
-თუ არ გავჩუმდები დაგვსჯით? - არ ცხრებოდა ჯუტა.
ყველანი სულმოუთქმელად  ველოდით, როდის მოგვცემდნენ მუშტებზე გადასვლის ბრძანებას.
ამასობაში, ერთ-ერთ ჯგუფს ფიზიკური აქტივობების გაკეთება დაავალეს...
შურიანი თვალებით ვუყურებდით.
... ბოლოს და ბოლოს ჩვენც გვეღირსა... შეგვიბრალეს მეთაურებმა...
ბუქნების კეთების დროს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გაყინული სისხლი იმტვრეოდა ძარღვებში, მუხლებთან...
საბოლოოდ, ჩვენც გადაგვანაწილეს ჯგუფებში...
აღმოჩნდა, რომ ჩვენს ჯგუფში მყოფთაგან, ყველა დაესწრო თეორიულ შეხვედრას, მაგრამ პრაქტიკაში როცა დაგვჭირდა, აღმოჩნდა რომ არავის არაფერი ახსოვდა.
კომპასი პირველად მეჭირა ხელში და წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა, რომ მითითებული კოორდინატი მისი დახმარებით მეპოვა...
სხვებიც ანალოგიურად...
-სირცხვილია, როცა 4 ადამიანი, ესწრებოდით ლექციას და ახლა არ იცი რა აკეთოთ!- შეგვარცხვინა ლევანმა, ჩვენმა მეთაურმა...
თავს ვერაფრით გავიმართლებდით...
მან მოთმინებით აგვიხსნა კომპასის მოხმარების წესი და დაამატა: -თქვენი და სხვა ჯგუფების საპოვნი წერტილები მაქსიმალურად ახლო-ახლოსაა... ჩვენ ვცდილობთ "ცხოვრება გაგირთულოთ", ისევ და ისევ იმიტომ, რომ რამე ისწავლოთ. მე კი, შეიძლება ხანდახან რაიმე სახის დახმარება ან რჩევა "მოგყიდოთ", რომ პაკისტანში არ წახვიდეთ...
რთული დღე აღმოჩნდა...
ქარი, ქარი, ქარი...
ისეთი ქარი, ნაბიჯს რომ არ გადგმევინებს.... სმენას და მხედველობას რომ გიხშობს...




ყინვა...
თითები გამიშეშდა...
ჩვენი ჯგუფიდან ერთი ბიჭი წავიდა...
ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ დრო გადიოდა, ჩვენ კი ერთი კოორდინატიც ვერ ვიპოვეთ...
უფრო სწორად, ვიპოვეთ ნიშნული, მაგრა სხვა ჯგუფის... ამან უფრო აგვირია გზა-კვალი.
ლევანს შევებრალეთ და ჩვენი პირველი კოორდინატის ადგილზე მიგვიყვანა, ყოველგვარი "გამოსასყიდების" გარეშე, რადგან უამისოდაც გვსჯიდა ამინდი... 
ახლა თქვენ უნდა გააგრძელოთო...
მაგრამ ისევ დავიკარგეთ...
უსაფუძვლო გახდა ჩვენი ყველა მცდელობა... დავეხეტებოდით დაწითლებული ცხვირებით, ქარისგან დაცეცხვილი ლოყებით და უბედური სახეებით...
სამის ნახევარი გახდა ამასობაში, ჩვენ კი 5 კოორდინატიდან ერთი გვქონდა ნაპოვნი....
 ნაპოვნი რა...
ლევანმა  გვაპოვნინა...

თასმა გამეხსნა ფეხსაცმელზე...
და  ვერ შევიკარი.  იმდენად გაყინული მქონდა თითები...
და აქ გავტყდი...
უბრალოდ, მეტი მართლა აღარ შემეძლო...
ან, იქნებ შემეძლო კიდეც...
„დავიჭერი“.

უკან წამოვჩანჩალდი...
გზამდე მივაღწიე და მომავალი ტაქსი გავაჩერე.
-სად მიდიხარ?- მკითხა და ამათვალ-ჩამათვალიერა.
არანაირად არ მქონდა არც თავი და არც სურვილი, რამე ამეხსნა მისთვის... რატომ ვიყავი ყინვისგან გაშეშებული და თავიდან ფეხებამდე მტვერში ამოვლებული.
-მივდივარ უახლოეს დასახლებულ პუნქტთან სადაც ტრანსპორტი მოძრაობს.
აშკარად დაკარგული ვეგონე, კიდევაც შევებრალე, ეჭვის თვალითაც შემომხედა, არ ვეგონე ნორმალური...
მოკლედ, ჩემი ხელთათმანები გავაყოლე ამ ტაქსს, შიგ დამრჩა, მაგრამ, გულიც არ დამწყვეტია, გამიხარდა კიდეც, რადგან მივიჩნიე, რომ ხელთათმანების სეზონი ამ გიჟი, ცოფიანი ქარით აწრიალებული დღით დასრულდა!
... და შავლეგოს და თორნიკეს უსიგარეტოდ დატოვებაც მოვახერხე... სახლში რომ მოვედი და ჩანთა გავხსენი, მერეღა გამახსენდა მათი სიგარეტები...
რა მოხდა ჩემი წამოსვლის შემდეგ ჩემს ჯგუფში?
იპოვეს რომელიმე კოორდინატი თუ არა?
არ ვიცი...
ვიცი მხოლოდ ის, რომ სადილის დროს ისაუბრეს, მოყვნენ საკუთარი თავების შესახებ, მაგრამ ნახევარი ნაამბობი არ ესმოდათ, ქარი ყლაპავდა მათ ხმებს...

ვიცი რომ ინდივიდუალური დავალებებიც შეასრულეს და კომპასთან დამეგობრდნენ...
ვიცი რომ ბევრი იცინეს და ამ სიცილითვე გადააგორეს სასჯელები...
და ისიც ვიცი, რომ ამ ნებაყოფლობითი „დაჭრისთვის“ „დავიდაღე“ და ქმედების განმეორების შემთხვევაში კურსს დავტოვებ...
არ მინდა კურსის დატოვება...
და ვიმედოვნებ უფრო ყოჩაღად ვიქნები...
......  იმას უფრო მეტად ვიმედოვნებ, რომ ასეთი „ცოფიანი“ ამინდი, არც ერთ გასვლაზე  აღარ იქნება.
p.s. ძალიან უმართლებთ რეკრუტებს, რომლებიც ბ-ნი ზაზას ჯგუფში ხვდებიან.
ხომ  შეიძლება ერთხელ მეც მოვხვდე?...
იმიტომ კი არ მინდა, რომ ბევრი ფოტო მექნება... J J J
ააარა...
უბრალოდ ძალიან კეთილი და ლოიალური მეთაურია.
J J J

p.p.s. ფოტოებიც მინდა, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას სასჯელი მოყვება... J J J
მაგრამ მე, როგორც „ყველაზე  ენაგრძელი“ ... J J J

……….

ტოპოგრაფია (გაბუტული მე)


ორი კვირა გავიდა, შესაბამისად კიდევ ორჯერ გავედით საველე სწავლებაზე.
ტოპოგრაფია და ნავიგაცია.
დილის  9 საათზე შეგვკრიბეს და დანიშნულების ადგილამდე მიკროავტობუსით წაგვიყვანეს.
უცნაურად დაიწყო დღე. როგორც წესი, ყოველთვის ფეხით გვიხდებოდა სიარული, ახლა კი რბილ სავარძლებში ჩაფლულებს საუბრისა და ლაზღანდარობის უფლებაც მოგვცეს. ჩამოვქვეითდით თუ არა, ისევ მოგვიხდა მწკრივში დგომა და გასუსვა.
 მცირე ფიზიკური აქტივობების შემდეგ, 5-კაციან ჯგუფებში გადაგვანაწილეს. ჩვენს ჯგუფს დაევალა, ეპოვნა 1)დიდველის სერი; 2)ეკლესია; 3)წერტილი, სადაც მაღალი ძაბვის სადენები მდინარეს კვეთს, ამის შემდეგ კი უნდა მივსულიყავით შეკრების ადგილთან, ელექტროსადგირთან, რომელიც ასევე უნდა გვეპოვა რუკაზე.
რუკა გავშალეთ, ირგვლივ მოვკალათდით და საპოვნელი წერტილების ძებნას შევუდექით.
-დრო საკმარისად გაქვთ, ნელა და დაკვირვებულად იარეთ, კისერს ნუ მოიტეხთ. - გვითხრა მეთაურმა.
დავიძარით.  დასაწყისშივე აღმართის ავლა მოგვიხდა.
ჩემთვის ძალიან ძნელია ახალგაღვიძებულზე აღმართთან ჭიდილი, რადგან ტვინს და კუნთებს, სანახევროდ ჯერ კიდევ სძინავთ...
დანარჩენებზე კი ასე ვერ ვიტყოდი, მხნედ მიაბიჯებდნენ.
ჩამოვრჩი და ავბუზღუნდი.
-ხომ გვითხრეს, რომ საჩქარო არაფერია, ნელა იარეთ!
-რა მოხდა, დაიღალე ტყეშელაშვილი? მკითხა მეთაურმა, რომელიც ჩვენს ჯგუფს მოამაგრეს.
-ეს რა ჯგუფის წევრები მყავს, ძალიან სწრაფად დადიან. - გავაპროტესტე...
-თუ სხვები დადიან, შენ რატომ ვერ დადიხარ?
-იმიტომ, რომ პუტკუნა ვარ!
-მერე პუტკუნა თუ ხარ, ხომ უნდა გახდე ოდესმე?! - მომიჭრა მეთაურმა.
... არა და აქ გამხნევებას ველოდი, ვიმედოვნებდი, არა ხარ პუტკუნაო, მეტყოდა.
პირი გავაღე, მაგრამ პასუხის გაცემის სურვილი დამეკარგა და ისევ დავმუწე.
როგორც იქნა აღმართი ავათავეთ და საბოლოოდაც გამომეღვიძა.
მივაბიჯებდით და თვალს ხვდებოდა აქა-იქ ამოჭყეტილი ყვავილები. მუხისძირები, ენძელები... დიდ თაიგულს შეკრავდა კაცი...
მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა, რა თქმა უნდა გამორიცხული იყო, რადგან აუცილებლად მოჰყვებოდა მეთაურის  „ხმის ჩამაკმენდელი“ კომენტარი.
პირველ წერტილს, დიდველის სერს ადვილად მივაგენით... ბევრი ძებნა არ დაგვჭირვებია.
დავიწყეთ ბჭობა, როგორ უნდა მიგვეღწია ეკლესიამდე, რომელთან მოხვედრაც არც ისე მარტივი ჩანდა, მთელი მთის ფერდობი იყო ჩასავლელი, ტყით და ბუჩქნარით დაფარული.
სერიდან, ქვემოთ მდებარე დასახლებული პუნქტიც დავზვერეთ, მაგრამ ეკლესიას ვერ მისწვდა მზერა. სოფლამდე მიმავალი გზაც ვერსად დავიგულეთ.
მონადირე შემოგვეყარა ამ დროს. გახარებულები დავერიეთ კითხვებით.
-სადაა ეკლესია და იქ როგორ უნდა მოვხვდეთ?
მაგრამ მეთაური რის მეთაური იყო, ასე რომ გაემარტივებინა ჩვენთვის საქმე. მონადირეს პასუხის გაცემა არ დაანება.
გავუყევით ბილიკს. ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და მივხვდით, რომ სხვა გზა არ იყო, საფლისკენ უნდა დავშვებულიყავით, უბილიკოდ.
ნაწვიმარი წყლით გაჭრილი ხევით გადავწყვიტეთ დაშვება, თუმცა მეთაური გულმოდგინედ ცდილობდა თავგზა აერია ჩვენთვის.
-ახლა ეს ხევი თუ ჩაიარეთ და მერე აღმოჩნდა, რომ არასწორ გზას ადგახართ, უკან ამოხვალ ტყეშელაშვილი?
-ამოვალ!
დავეშვით. არც ისე იოლი აღმოჩნდა სიარული, ფხვიერი მიწა ფეხქვეშ გვეფშვნებოდა და ფეხსაცმელები მიწით აგვევსო.
-ეს ხევია თუ ხეობა ტყეშელაშვილი? - მკითხა მეთაურმა.
-ხევი...
-რატომ?
-იმიტომ, რომ ვიწროა...
-დარწმუნებული ხარ, რომ ხევია?
-დიახ...
-კარგია, ცოტა რაღაც მოგისმენია ლექციაზე...
-თუ გინდა გაჩვენებ ხელით როგორ გამოისახება ხევი... - გამოვიჩინე ინიციატივა.
-ეგ არავის უთხოვია! -მომიჭრა მან.
ამასობაში ჩავაღწიეთ დასახლებულ პუნქტამდე. ეს იყო სოფელი წოდორეთი. პირველივე შემხვედრი სახლის ეზოში კაცი იდგა და თვალები შუბლზე აუვიდა ჩვენს დანახვაზე.
-კი მაგრამ, საიდან ჩამოხვედით?
-მთიდან დავეშვით...
-ვინ ხართ? - გაუორმაგდა ცნობისმოყვარეობა...
მაგრამ, აქაც ჩვენმა მეთაურმა კვლავ მოახერხა დიალოგის შეწყვეტა...
წინ გაგვიშვა, თვითონ კი შეყოვნდა და სავარაუდოდ მცირედით მაინც დააკმაყოფილა კაცის ცნობისმოყვარეობა.
ამ სოფელში ეკლესია უნდა გვეპოვა...
ქუჩას მივყვებოდი და გახარებული მივაფრიალებდი რუკას, რადგან სავარაუდოდ მიზანთან ახლოს ვიყავით, თუმცა კი, ჯერ ვერ ვხედავდით...
-აბა, სადა ვართ ტყეშელაშვილი? მაჩვენე რუკაზე!
რუკას დავხედე და შიგ დავიკარგე.
-აქ... - დავადე თითი საკუთარ სიმართლეში ეჭვშეპარულმა.
-ეგრე არა, აჰა შენ ბალახი და კონკრეტულად მაჩვენე.
-ბალახი გამოვართვი და ჩვენი სავარაუდო მდებარეობა მივუთითე რუკაზე.
მეთაური გაჩუმდა.
გამიხარდა.
-ხომ სწორად გაჩვენეთ? - ავტკვარცალდი.
-არა! - მომიჭრა მოკლედ და იქვე ჩამომფერთხა სიხარული ბეჭებიდან.
ერთ-ერთი ეზოდან ადგილობრივებმა დაგვინახეს და დაინტერესდნენ, რატომ ვჩხრეკდით თვალებით ყველა ჩიხს.
-რას ეძებთ? - გადმოგვძახეს.
-ეკლესიას. -არ დავაყოვნეთ პასუხი.
-გაუყევით გზას ბოლომდე და მიხვალთ. -მოასწრეს გზის სწავლება, სანამ ჩვენი მეთაური რამეს მოიმოქმედებდა.
გახარებულები გავცუნცულდით და ქუჩის ბოლოს მართლაც მივადექით პატარა ეკლესიას, რომლის შემჩნევა, ბინოკლითაც კი ვერ მოვახერხეთ სერიდან.
-ეს წერტილი არ გეთვლებათ! - გამოგვიცხადა მეთაურმა.
-რატოომ?
-იმიტომ, რომ მოგასწავლეს, თქვენით არ გიპოვნიათ!
-კი, მაგრამ მაინც აქეთ მოვდიოდით და ვიპოვნიდით...
-მაინც არ გეთვლებათ! კიდევ 2 წერტილი დაგემატებათ საპოვნელად!
გავჩუმდით და მესამე წერტილისკენ გავემართეთ.
მივყვებოდით გზას. გვხვდებოდა სახლები, მოვლილები, მდიდრულები და... ცარიელები.
სავარაუდოდ,  ქალაქის ხმაურისგან თავდასარწევი, მშვიდი თავშესაფრის სტატუსით აშენებულები, ზამთრის ბაღებიანი შუშაბანდებით და მოწნული სარწეველა სკამებით...
დაკვირტულტოტებიანი ხეებით და მარწყვის ნარგავებიანი ეზოებით...
როგორ მომინდა მეც ასეთი შუშაბანდიანი სახლი, ზამთრის ბაღით და სარწეველა სკამით... თბილი პლედი, ცხელი ჩაი და საინტერესო წიგნი სიმშვიდესა და შუშაბანდში შემოფრქვეულ მზის სხივებთან ერთად...
ოცნება ძაღლის ყეფამ გამაწყვეტინა, უზარმაზარი ნაგაზი მოგვდევდა ღობის შიგნიდან და გამაყრუებლად ყეფდა.
მდინარისკენ დავეშვით, ბილიკს გავყევით და მალევე მივადექით მესამე წერტილს.
ულამაზესი ხევი ჰქონდა მდინარეს, კლდეებით, სიპი ქვებით „მოპირკეთებული“, უამრავ ჩქერსა და მცირე მორევს ქმნიდა. არაჩვეულებრივი ადგილები იყო ზაფხულში მწვადის შესაწვავად. ეტყობოდა კიდეც, სავსე იყო იქაურობა ბოთლებითა და ცელოფნის პარკებით.
მეთაურმა რუკა გამოგვართვა, ცოტა ხანს უკირკიტა და ბოლოს გვითხრა.
-2 სასაფლაო უნდა იპოვოთ, დამატებით.
რუკაზე მალევე მოვძებნეთ  სასაფლაოები და გზას გავუდექით.
ისევ აღმართი.  ისეთი დამღლელი და უსასრულო, რომ სული შეგვეხუთა.
-თუ გინდა ამ სოფელში მცხოვრები ხალხის ცოდვა დაიდო, უნდა მოკვდე... ჩაიხოცებიან სანამ აქ ამოგათრევენ. - ვიცინოდით.
-აი, სასაფლაოსთან რომ მივალთ, იქვე დამტოვეთ, ვიქნები შესაბამის მდგომარეობაში. - ვკისკისებდი.
გზაგასაყარი შემოგვხვდა.
რუკის მიხედვით ორივე გზას მივყავდით სასაფლაოსკენ. უცნაური ის იყო, რომ მარჯვენა გზა აღმართი იყო, მარცხენა - დაღმართი.
რა თქმა უნდა დაღმართს მივანიჭე უპირატესობა და სხვებიც დავარწმუნე, რომ მარცხნივ უნდა წავსულიყავით, მაგრამ არ აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილება ჭკვიანური, გზა ჩახერგილი დაგვხვდა და ღობეზე გადაბობღებაც მოგვიხდა, მერე კი იმაზე საშინელი აღმართის ავლაც, ვიდრე მარჯვენა გზა იყო გზაგასაყარზე...
როგორც იქნა დავინახეთ სასაფლაო და როცა იქამდე მივაღწიეთ, აღმოვაჩინეთ, რომ გზაგასაყარის მარჯვენა გზა გაცილებით სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვიყვანდა აქამდე.
-დამიჯერეთ ჰოო, დამიჯერეთ ამის მერეც... -ვიცინოდი ხმამაღლა.
მეორე სასაფლაოსაც ძალიან სწრაფად მივაკვლიეთ და შეკრების ადგილისკენ დავიძარით.

პირველები მივედით. სხვები ჯერ კიდევ ძებნის პროცესში იყვნენ.
ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ერეკლე, ვერ ისვენებდა.
-მგონია, რომ რაღაც ისე არაა და კიდევ სადმე უნდა წავიდეთ.
დანარჩენები ვისხედით, ზურგებს ვუფიცხებდით მზეს და კმაყოფილები ვკრუტუნებდით.
ერეკლემ იმდენი იწრიალა, სანამ სასჯელად ბუქები არ აიკიდა.
ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ მეც მივყევი.

ამასობაში, ნელ-ნელა დანარჩენი ჯგუფებიც მოვიდნენ, აჟიტირებულები, საკუთარ თავგადასავალს ყვებოდა ყველა.
სადილობის უფლება, რათქმა უნდა, არ გვქონდა, ვიდრე ყველა არ შეგროვდებოდა. თუმცა, ყველას შეგროვება ვერ მოხერხდა, რადგან ერთ-ერთი ჯგუფი დაიკარგა.
ადრე მეგონა და ახლაც მგონია, რომ ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ გასვლებზე რატომღაც სხვანაირადაა ყველაფერი. „ყველაზე ენაგრძელი გოგოს“ სტატუსით ვსარგებლობ.
აქედან გამომდინარე, ამ გასვლაზეც, მეთაურები გოგოს ხმას გაიგებდნენ თუ არა, ტყეშელაშვილი გაჩუმდი, ეკერათ პირზე, მიუხედავად იმისა, მე ვლაპარაკობდი თუ არა.
ისე მოხდა, რომ ორჯერ მომცეს შენიშვნა უსაფუძვლოდ, სხვისი საუბრის გამო და პროტესტი რომ გამოვთქვი დამსაჯეს, ჯგუფიდან გამიყვანეს და კარგა მოშორებით დამსვეს.
უჰ, რა უინტერესო იყო ცალკე ჯდომა, როცა ამდენ საინტერესო თავგადასავალს ყვებოდნენ რეკრუტები.
გავიბუსხე.
რა ვქნა, გოგო ვარ და მახასიათებს „გოგოშკური“ რამეები.
მერე კი თვალი შევასწარი ერთ-ერთ მეთაურს, ბუბუს, რომელიც ფერდობისკენ იდგა და ვიღაცას ეძახდა.
და მერე...
სასჯელი.

ბუბუმ აღმოაჩინა, რომ რამოდენიმე ბიჭი ჯგუფიდან გაიპარა და სიგარეტს ეწეოდნენ, მათ შორის იყო ჩემი ნაქები შავლეგოც, რომელიც მერე სულ იმას მიმეორებდა შემოსარიგებლად, რა გინდა, საწერი მასალა ხომ მოგეციო.

მათ გამო ჩვენ ქარ-ცეცხლი დაგვატყდააა... „გაბუტულ“ განწყობას კიდევ 4 ხიწვი დაემატა ხელში, რამაც უფრო მომწამლა და შიმშილიც დამავიწყა და სხვა ყველაფერიც...



კატეგორიულად არ ვიყავი ჭამის ხასიათზე და როცა სადილობის უფლება მოგვცეს, არც კი გამიხსნია ზურგჩანთა.
გიორგი მოვიდა, მეთაური, რომელსაც  „სუუულ უფროსით“ მოიხსენიებენ რეკრუტები.
-რა გჭირს ტყეშელაშვილი?
-არაფერი...
შოკოლადი ეჭირა ხელში.
-თეთრი შოკოლადი გინდა?
-არა!
-გამომართვი და შეჭამე.
-არ მინდა! - გავჯიუტდი.
-ანუ ბრძანებას არ ემორჩილები?!
შევფუცხუნდი.  კიდევ სასჯელისმაგვარი რომ დაემატებინა რამე, ხმამაღლა ვიტირებდი...
შოკოლადი გამოვართვი.
-გახსენი დროზე. დავინახო რომ ჭააამ!
მინიმუმ 2 წუთი ვეფაცუნე შოკოლადის პაკეტს და ძლივს გავხსენი.
ერთი ნატეხი შევჭამე.
მმმ... გემრიელობა იყო, მაგრამ ვერც ამ გემრიელობამ მომიყვანა ხასიათზე.
ლევანი მოვიდა ცოტა ხანში, მეორე მეთაური.
-აბა, შოკოლადი ვის უნდა! - მიმართა რეკრუტებს. -შოკოლადი აიღე ტყეშელაშვილი!
-მაქვს! - მივუთითე თეთრი შოკოლადის პაკეტზე.
-ჰმ!  ეგ თეთრია, მე შავს გაძლევ! აიღე!
ბრძანების საფუძველზე შეხრამუნებული შოკოლადის ნატეხების წყალობით, მაინც არ დავრჩი მშიერი...
მმმ... საყვარლები. J
ასე დასრულდა სადილიც და დღეც.

ზურგჩანთები ავიკიდეთ და ქალაქისკენ გამოვეშურეთ.


მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოტივაცია ამ საველე გასვლისას მნიშვნელოვნად შეირყა, მეორე დღეს მაინც მხრებში გამართული ვიჯექი თეორიულ შეხვედრაზე.
სამსახურში კი, მთელი მომდევნო კვირა ხელებს ვმალავდი...
ვერც  კაბებს ვიცმევდი, დალურჯებული მუხლების გამო...
...ყველა პაემნისმაგვარ მიპატიჟებაზეც უარი ვთქვი, რადგან ჩემი ხელები, არ ჰგავდა გოგოს ხელებს.
სწორედ ეს ხელები არ მაძლევდნენ საშუალებას ამ გასვლაზე რამე დამეწერა, რადგან როგორც კი კომპიუტერს მივუჯდებოდი, მათ ვხედავდი და იმდენად ცუდ განწყობაზე ვდგებოდი, რომ ვხვდებოდი - კარგს ვერაფერს დავწერდი.

ახლა კი, როცა ისინი ისევ ჰგვანან გოგოს ხელებს, მონდომებით აკრიფეს ეს ტექსტი, ბლოგისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ინტერესით ელოდა ამ ჩანაწერს...