вторник, 25 февраля 2014 г.

ჭირხლთან მებრძოლი ხადა

საოცრად ლამაზი სანახავია ხადა ზამთრის მიწურულს. შეცოტავებული თოვლი... შემლღვალი ყინულები საჩანჩქერეებზე... ჰაერიც უფრო თბილი და გაზაფხულის სურნელშერეული...
ექოებიც უფრო მკვეთრი... მდინარის ხმაურის ექო კლდეებზე... თვალები რომ დახუჭო, ვეღარ მიხვდები მდინარე დაბლა მიედინება თუ სადღაც, კლდეში... გზებზე პატარა ნაკადულები და შერბილებული, ოხშივარადენილი მიწა... ალაგ-ალაგ თხელი ყინული  პატარა ნაკადულებზე ფარად...
...ქვეშეთამდე მოგვიყვანა ტრანსპორტმა, ჩამოვქვეითდით და ფეხით შევუყევით ხეობას...

ნისლები დაცურავდნენ  და ნაცრისფრად სუდრავდნენ მთათა კალთებს... მივდიოდით და გზადაგზა ფეხქვეშ მივიმტვრევდით ყინულებს, თითქოს ბორკილებს ვუმტვრევდით პატარა ნაკადულებს...

 წკერეში გადაგვეწყვიტა ასვლა... განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა, მინდოდა რაც შეიძლება მალე მენახა იქ დარჩენილები...
გზადაგზა უამრავი კოშკი გვხვდებოდა ფერდობებზე, მაგრამ გზიდან არ გადაგვიხვევია...  გზის ნახევრის გავლის შემდეგ დაიწყო რთული აღმართი... გოგონებს გაუჭირდათ, რამოდენიმე ადამიანი დავწინაურდით... ბეგოთკარამდე შეუჩერებლივ ვიარეთ, აქ კი შევისვენეთ და დაველოდეთ დანარჩენებს, რომლებიც დაახლოებით 40 წუთში  წამოგვეწივნენ... 
  ულამაზესი ეკლესია დგას ბეგოთკარში... ჩამონგრეულია ფასადი, მაგრამ რომ შეხედავ, გეგონება ასე სპეციალურად მოუხატავთო... დაკეტილია და დადუმებული... გატეხილი კიბეა შერჩენილი, სამრეკლოზე ასასვლელი... ერთმა გაბედა ასვლა და ზარებს შემოჰკრა... წკრიალა ხმა გამოსცეს ზარებმა, მოედნენ ხეობას... ალბათ, რა ხანია არავის აუჟღერებია ეს ზარები... 



 გავეშურეთ წკერესკენ... აქ სვლა გართულდა... გაუკვალავი იყო თოვლი და გაყინული... ვერ უძლებდა ჩვენს სიმძიმეს, ფეხქვეშ გვეფშვნებოდა და მუხლამდე თოვლში მოწყვეტით ვეფლობოდით... გზის ბოლო მონაკვეთმა ენერგია გამოგვაცალა... უკან არ ვიხევდით, ვინ მუხლებით მოდიოდა, ვინ ოთხით...
უცნაური ისაა, რომ ხედავ სოფელს, თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზეა, არადა რამხელა ენერგია გინდა რომ მიაღწიო იქამდე...
ისევ დავწინაურდი... შევედი სოფელში... რა ლამაზი იყო, რა იდუმალი და ჩუმი ეს მიტოვებული კედლები... ღობეებს, ხეებს, ყინულის ეკლები გამოესხათ... მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს... გულისტკენამდე ლამაზი იყო ყველაფერი.



ანიკა ბებოს სახლს მივადექი... ტელევიზორის ხმა მესმოდა შიგნიდან. მივაკაკუნე. არავინ გამომხედა.

-ანიკა ბებოო!-შევძახე ერთი-ორჯერ... რაღაც გახმაურდა შიგნით, კარი გაიღო და ანიკო ბებო გამოვიდა... -როგორა ხარ ანიკო ბებო?- თბილად მოვეხვიე მოხუცს... გაუხარდა, ოთახში შემიპატიჟა. რა სითბო და სიმყუდროვე იყო. ღუმელი გუგუნებდა, ზედ ჩაიდანი იდგა და თუხთუხებდა თავდავიწყებით... მოხუცი დაჯდა და საქსოვი დაიდო კალთაზე. იქვე ელაგა უკვე მოქსოვილი ხელთათმანები, შავები, ზედ მწვანე ფიფქებით...
-ეგენი არ გამომივიდა კარგებიო.-თქვა მოხუცმა.

 კალათა ედგა ფეხებთან, მატყლის ძაფი ეგდო შიგ.  ბებო გამალებით ქსოვდა და გორგალიც მოუსვენრად აწყდებოდა კალათის კედლებს.

-როგორა ხარ ბებო, როგორ ატარებ ამ ზამთარს?
-აეგრე, ვქსოვ და ვარ. აგე, ლეიბის პირები ჩამავიტანე, უნდა დავარღვიო, გრძელებია და უნდა დავამოკლო.
-რასა ქსოვ ბებო?
-მატყლის მაიკასა ვქსოვ, აი დაბლა სოფელს ბიჭი ცხოვრობს და იმისთვინა. დამეხმარა და დავპირდი მოგიქსოვთქო... ერთ დღეში დავამთავრებ ამას.  მხედველობა კი კარგი მაქვს შვილო მაგრამ, სმენას ვუჩივი... ძნელი ყოფილა რომ გელაპარაკებიან და არ გეყურება.
დანარჩენებიც ამოვიდნენ ამასობაში. შემოიხიკნენ ოთახში. ცხელ ღუმელს შემოეხვივნენ.- დაიცათ შვილო, სკამებს მოგიტანთ.-დაფაცურდა ანიკა ბებო.  -ე პატარა სკამები მე გავაკეთე, შვილიშვილები მეჩხუბებოდნენ, რად გინდა, ვისთვის აკეთებო, აგე ვისთვის ვაკეთებ, თქვენთვისა და თქვენისთანებისთვის. ვისაც ფეხები გაქვთ სველი გაიხადეთ ფეხზე და ახლოს მიუსხედით ღუმელსაო.-ზრუნავდა მოხუცი.
-ნუ წუხდებით ანიკა ბებო, მოვთავსდებით ყველანი.
-რასა ვწუხდები, მეც ახლა ხინკლიანი სუფრა არ დაგახვედრეთ გაშლილი.
საოცარი სუმყუდროვე იდგა... ზოგს ჩასთვლიმა.  ვიჯექი და მიკვირდა, როგორ ვეტეოდით ამ ციცქნა ოთახში ოცდახუთნი...
-სულ მარტოკაი ვარ და ყოველდღე, თითო-თითოდ მაინც ამასულიყავითო.-გაიცინა ბებომ.-ზამთარში ასე თქვენსავით თუ ამოვა ვინმე თორე, ისე არავინ ამოდის ამოდენა თოვლში. ჩვენც, ბებრებსა ამ თოვლში სიარული აღარ გვიხარიან, აღარ შაგვიძლიან. იცით რა მადარდებს ყველაზე მეტად? მგონია, რომ შვილიშვილებს ვეღარა გამოვადგები.–ნაღველი გაერია ხმაში. 
–როგორ ვერ გამოადგებით, ამდენ წინდებს უქსოვთ.–გავამხნევეთ...
ფანდური ედო იქვე, ფანჯრის რაფაზე მოხუცს.
-დაგვიკარით ფანდურზე ბებო.- ვთხოვე.
ჯრუანტელისმომგვრელი იყო ჟღერადობა... ვისხედით ამ პატარა ოთახში, თბილად და სიღერას ვაყოლებდით...
- ადრე მეუბნებოდნენ, ნეტა შენი ხელები მამაბა, რო შენსავით დავუკრათო...
-ახლაც კარგად უკრავთ.-დავამშვიდეთ. -ანიკა ბებო, ალბათ რა ლამაზი იყავით ახაგაზრდობაში...
იიიჰ...-ხელი ჩაიქნია მორცხვად. - ჩემს ახალგაზრდობის სურათს გაჩვენებთ, რომ ვუყურებ, მგონია რომ ასეთი არასდროს ვყოფილვარ.-არ დაიზარა მეორე სართულიდან სურათის ჩამოტანა მოხუცმა.
-ლექსებს ხომ არ წერთ ბებო?
-მე არა შვილო... ისე კი ვიცი... რო მავყვე ჩაიწერთ?
-მოგვიყევით. ვიდეოს გადაგიღებთ...
ტრაგიკული შინაარსის ლექსი მოყვა მოხუცმა, მშვენიერ, მთიელ თამრიკოზე, რომელსაც ყველა ეტრფოდა, მაგრამ მისმა გულისსწორმა სხვა მოიყვანა ცოლად, თამრიკომ კი თავი მოიკლა...  
სწრფად გასხლტა ერთი საათი. ჩვენი წამოსვლის დროც მოვიდა... წამოვიშალეთ...
გესტუმრებით გაზაფხულზე ანიკა ბებო... დავრჩებით ცოტა ხნით, დგეხმრებით...
ამოდით შვილო, არ მამაწყენთ, შვილიშვილებიც ამამივლენ...
ბედნიერად ბებო, გაზაფხულამდე! - დავემშვიდობეთ მოხუცს და გარეთ გამოვედით.
მე თამრიკო დეიდას შევურბინე უცებ...
მივაკაკუნე... გაუკვირდა და გაუხარდა ჩემი დანახვა...
-როგორ სულ დაისველდებოდით, ამასვლაა ძნელი თორე ჩასვლით კი ჩახვალთ. აგე, ამას წინათ იყვნენ ამოსულები. ნისლიანი იყო... სულ საზოვეებით წამაისულან. გზა თუ არ იცის კაცმა არ უნდა წამაიდეს, საშიშია შვილო, რამდენი დაუღუპავს ამ ზოვსა, რო წამოვა გგონია მაასწრებ სადმე გაქცევას? ხმაურზეც წამავალის ზოვი, უფრო მაშინა, როცა თოვს. ეგეთ ამინდში ვერც ჩანჩქერსა ნახამთ... ზაფხულში კი მართლა კარგია აქაურობა... წელს ცოტა მოიდა თოვლი, მოხუცები შეგვინანა.
-ამ სოფელში ახლა სამნი ხართ დარჩენილები?
-კი შვილო, ზაფხულში ამავლენ, 7 კომლი ვიქნებით. აგე, გაღმა სოფელში მეტნი ცხოვრობენ. გადმოდიან დასანიშნი ბიჭები და გვსაყვედურობენ, ამდენი ლამაზი გოგო ამაიდის და ამდენი დასანიშნი ბიჭები რო ვართ, როგო არაფერს ფიქრობთო.-გაეღიმა დეიდა თამრიკოს.
ვერ გავუბი საუბარი დიდხანს, უკვე უკან უნდა დავბრუნებულიყავით.
-მშვიდობიანად გატაროთ ღმერთმა.-ლოცვა გამოგვაყოლა დეიდა თამრიკომ.
დავეშვით... შორს არწასულებმა, იქვე, გაყინულ თოვლზე მოვიკალათეთ და ცოტა წავიხემსეთ...
 ზოლებად დაცურავდნენ ნისლები და ფარდებივით ეფარეებოდნენ მთათა კალთებს... რაღაცას გვიფარავდნენ, გვიმალავდნენ...  ნაცრისფერი იყო ხეობა... კლდეებიც, თოვლიც და ნისლებიც... ხოლოდ ერთ, პატარა მონაკვეთზე ვიპოვეთ არნახული სიმწვანე...  ბალახი ხასხასებდა... გაზაფხულის ნიშანი, ამ რუხ ხეობაში.



დავბრუნდით... დღე დააგვირგვინა ფასანაურულმა ხინკალმა... ვისხედით შეშის ღუმლით გამთბარ ოთახში, ხინკალს შევექცეოდით, ფანდურს ვაჩხაკუნებდით და ვმღეროდით, კართან კი უზარმაზარი, ნაღვლიანი ნაგაზი გვდარაჯობდა, გემრიელობების მოლოდინში...



გულისტკენამდე ლამაზი იყო ჭირხლთან მებრძოლი ხადა...
ეს ერთი თებერვლის დღე კი, დაუვიწყარი...


суббота, 15 февраля 2014 г.

ბავშვები, რომლებიც...


მაღაზიის ვიტრინაში დავინახე, ძალიან ლამაზი, საბავშვო ქოლგა...
წარმოვიდგინე, რა ბედნიერი ვიქნებოდი, ბავშვობაში ვინმეს ჩემთვის ასეთი ჭრელა-ჭრულა ქოლგა რომ ეჩუქებინა.
გონებაში სავარაუდო ადრესატის ძებნა დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ნათესავ-ახლობლების ბავშვები, ვერასოდეს ხვდებიან წვიმაში... წვიმიან ამინდში ისინი ყველგან დედიკოებისა და მამიკოების მანქანებით დადიან...
მათ არასოდეს მოუსმენიათ ქოლგაზე წვეთების შხაპუნი და არც გუბურებში გაუტოპავთ...
ამის გარეშე ბავშვობა კი, აბა რა ბავშვობაა...
საწყენია ეს...

воскресенье, 9 февраля 2014 г.

წარსულის ერთი საღამო

:)
ახლახანს, ჩემი ძველი ჩანაწერი ვიპოვე...
2005 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული... :)

   
  ...ვზივრ თბილ ოთახში, ღუმელთან... ღუმელზე ჩაიდანი დგას და თავდავიწყებით თუხთუხებს, ცხვირიდან წყლის წვეთებს აფრქვევს, რომლებიც ვერცხლისწყალივით დაგორავენ ცხელი ღუმლის ზედაპირზე, მერე კი ორთქლდებიან და იკარგებიან...
  ღუმლის ზემოთ, ანაორთქლი წყლისგან ჰაერი ლივლივებს და მასთან ერთად მთელი ოთახი ირწევა...
   ვზივარ და მოჯადოებულივით შევცქერი ჩაიდანს, რომელიც ასე იოლად იმეტებს წყლის წვეთებს დასაღუპად... წვეთები გამალებით დაგორავენ, თითქოს სურთ თავი დააღწიონ ღუმლის მწველ ზედაპირს, მაგრამ ვერ ასწრებენ, შიშინებენ, თითქოს გამოსათხოვარ სიტყვებს ეჩურჩულებიან ერთმანეთს და ორთქლდებიან...
  წიკწიკებს საათი და დაუნდობლად მიჰქრიან წამები, წუთები... მიჰქრიან და გული მწყდება... თვითონაც არ ვიცი, რაზე... ალბათ იმაზე, რომ ვხედავ რამდენი წყლის წვეთი იღუპება ყოველწამიერად...  და, ალბათ, არა მარტო წყლის წვეთი...
   გარეთ  ღამეა და ბნელ კუნჭულებში დაცოცავს ყინვა...
სახლში კი ღუმელი გუგუნებს და თავდაუზოგავად თუხთუხებს ჩაიდანი...


 გამახარა ამ ჩანაწერის პოვნამ...
მთელი 9 წელი გავიდა... და გუშინდელივით წარმომიდგა თვალწინ ის საღამო...



пятница, 7 февраля 2014 г.

წითელი ქოლგის ილუზია

  წარმოუდგენელი არავისთვისაა, რამდენად განსხვავდებიან ადანიანები ერთმანეთისაგან...
  განსხვავდება მათი მიზნები, ფიქრები, ოცნებები.... ილუზიები...

 ერთ წვიმიან საღამოს,  თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე წითელი ქოლგა...

  წვიმიან, ნაცრისფერ ქუჩაში გამხდარი ქალი მიაბიჯებს... მუხლებამდე, შავი კაბით.... სახე არ ჩანს... ირგვლივ ყველაფერი რუხია... მხოლოდ ქოლგა ღაჟღაჟებს წითლად... ქალი მარტოა... მარტო მიაბიჯებს... საერთო ხედი, საერთო განწყობა სევდიანია...  

ასე შეიქმნა წითელი ქოლგის ილუზია...

  მე საშუალება მივეცი ადამიანებს წარმოედგინათ წითელი ქოლგა და გაეზიარებინათ პირველი ილუზია, რაც შეექმნათ მისი წარმოდგენისას...

  მე ჩავიწერე მათი ილუზიები და მათ ფრთაშესასხმელად, ვცადე მეპოვა მსგავსი შინაარსის ფოტოები...

თეონა:
ვხედავ გოგონას მინდორში. წითელი ქოლგა უჭირავს და ტრიალებს. მზეა ოღონდ და მწვანე ხასხასა მინდორია. გოგონა ზევით იყურება და ქოლგა გადაწეულია.


ნიკა:
წითელი ქოლგა უჭირავს დაახლოებით 30 წლამდე ასაკის ქალს... მის გვერდით მამაკაცია... შემოდგომის ბურუსიანი საღამოა...


სალომე:
არსად  არ დევს.  მე მიჭირავს ხელში გაშლილი და გაზაფხულის თბილი, შხაპუნა წვიმაა. ქოლგას თეთრი კოპლები აქვს და აუცილებლად ვატრიალებ...

თინა:
წითელი ქოლგა უჭირავს პატარა გოგოს. ათი წლისა თუ იქნება.  სარაფანი აცვია ჭრელი. წვიმს, მაგრამ გაზაფხულის ბოლოს რომ იცის ისეთი წვიმაა. ბევრი ხალხი მოძრაობს ძალიან, მაგრამ გოგონას ყურადღებას არავინ აქცევს. ის კიდევ გუბეებიდან–გუბეებზე დახტის, თან ბედნიერია, თან–არა.


ირაკლი: 
წარმომიდგენია პაემანზე მიმავალი წითელქოლგიანი გოგონა გაზაფხულის შხაპუნა, სურნელოვან წვიმაში...



ნუცი:
წითელი ქოლგა ქალს უჭირავს... ქუჩაში დგას. შემოდგომაა. წვიმს. გარშემო ხეებია და სველი ფთლები ცვივა. ქალი მარტოა.
–მოწყენილია?
–არა, სულაც არა, პირიქით, ბედნიერია და უყვარს წვიმა. 


დიანა:
წვიმა წარმოვიდგინე და ხიდი, მდინარეზე... ქოლგა არავის არ უჭირავს, ძირს დევს... უფრო სწორად, ხიდი ტბაზეა...



გვანცა:  
ვხედავ,  ერთ ქალს უჭირავს... შემოდგომაა. წვიმს ძლიერად. ქალი ქუჩაში მიდის და იღიმის, კმაყოფილია ანუ...  მაგრამ თვალებში სევდა აქვს, როგორც ყოველთვის იცის-ხოლმე წვიმის დროს... უცებ, ვხედავ წვიმამ თითქმის გადაიღო და ქარი ამოვარდა... ვხედავ როგორ მისდევს ქალი წითელ ქოლგას და რატომღაც ვერ ეწევა... არადა, თითქოს ერთ ნაბიჯზეა...


მარი:
ზაფხულის მზიანი დღეა... ზღვა... პლაჟი... საამო ნიავი, ყვავილების სურნელით და სიმწვანით გაჟღენთილი... წითელი ქოლგა ქვიშაშია ჩარჭობილი და მზის სხივებისგან მიცავს... მე ვზივარ და ვკითხულობ რომანს, სიყვარულზე...



ნენე:    
 ქოლგა გზაზე დევს.. ნაწვიმარ გზაზე... არ უჭირავს არავის...
 გაზაფხულია... გარშემო ადამიანები მიდი-მოდიან, მაგრამ არავინ არ იღებს ამ ქოლგას... ანუ, მიმავალი ადამიანის ფეხები ჩანს მხოლოდ... სახეები არა...
-როგორ ფიქრობ, საერთო განწყობა სევდიანია?
-არა, უფრო რაღაცის მოლოდინში... მოუსვენრობას გამოხატავს...



ლელა:
წითელი ქოლგა წვიმაში მოყვა, გაზაფხულის თქეშში და თეთრკაბიანი გოგონა სახლში სრულიად მშრალი დაბრუნდა...




თორნიკე:
მაისია. წვიმის წვეთები თვითმკველი ტერორისტებივით ენარცხებიან ქუჩას. სადარბაზოდან ჟღალთმიანი გოგონა გამოდის წითელი ქოლგით ხელში. წვიმა წყდება, მაგრამ გოგონა ამას ვერ ხვდება... რადგან ფიქრობს ბიჭზე, რომელთან ერთადაც ხშირად სეირნობდა ამ ქოლგით, წვიმაში... ახლა კი მარტოა და წვიმამაც კი უარი თქვა მასზე. ამ დროს ქუჩას ის ბიჭი კვეთს და წვიმაც ისევ იწყება, ოღონდ არა ისეთი, მაისში რომ იცის... უფრო ძლიერი წვეთები, უფრო ძლიერი გრძნობა და უფრო ძლიერი ტკივილი. ისტორია გრძელდება დაუსრულებლად, მაგრამ ახლა არა...






... და მაინც... ჩემთვის ქოლგა სევდასთან ასოცირდება...
ჩვენ,  ადამიანები ხომ ერთანეთისგან ძალიან განვსხვავდებით...

четверг, 6 февраля 2014 г.

ამბავი ნაღვლიანი ზამთრისა

ზამთრის ერთ ცივ, უხვი ფიფქებით დახუნძლულ ღამეს, ერთმა ბიჭმა, თავისი სოციალური ქსელის გვერდზე ეს ფოტო დადო...
ჩვენ ვისაუბრეთ ფოტოს შესახებ...
როგორ შეიძლება იყო თბილად ფიფქების ქვეშ... წიგნით ხელში, ქუდით და საბნით, რომელშიც შავი ფისო განაბულა... იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს შავი ფისო, ახლომახლო დაეხეტებოდა და წიგნის შინაარსით დაინტერესდა...  მოსასმენად მოვიდა და სითბო მოუტანა გოგონას...
მე და ის ბიჭი შევთანხმდით, რომ მე აუცილებლად დავწერდი ზღაპარს შავ, ცნობისმოყვარე ფისოზე, რომელსაც წიგნის შინაარსი აინტერესებდა...  

და ასე დაიბადა ეს ზღაპარი...



                                                                         
                                            ამბავი ნაღვლიანი ზამთრისა
პატარა დედამიწის,  ერთ პატარა კონტინენტზე, პატარა ქვეყნის ერთი პატარა ქალაქი ზამთარს მასპინძლობდა.  
   ერთი უცნაურობა სჭირდა სტუმარს... არავისთან სურდა საუბარი... მხოლოდ სუსხიან ხელს ჩამოართმევდა დილით, თბილი სახლებიდან გამოსულ ადამიანებს...  არც ადამიანები გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით, ხელებს თბილ ხელთათმანებში მალავდნენ,  სახეს კი  ყელსახვევებში, ერთმანეთსაც კი არ ესალმებოდნენ, აქაოდა გაგვეყინება პირიო... დუმდნენ... და დუმდა ზამთარიც, აღარ სურდა საუბარი...
ამ პატარა ქალაქში, ადამიანებს არასოდეს ენახათ ფიფქები...
  ღამით, როცა ყველა იძინებდა, მხოლოდ მაშინ იწყებდა ზამთარი  ჩუმ  ღიღინს და მისი სიმღერა ფიფქებად ეფრქვეოდა ქალაქს. დილით, ადამიანებს ქვაფენილი და სახურავები ნაცრისფერი ხვდებოდათ... დიახ, დიახ... ნაცრისფრად ღიღინებდა ნაღვლიანი ზამთარი, ნაღვლიან სიმღერებს და ნაცრისფერ სიტყვებს აფრქვევდა ქალაქს... ნაცრისფრად თოვდა...
  ერთი პატარა, მეოცნებე გოგონა ცხოვრობდა ამ ქალაქში... ხვდებოდა, რომ რაღაც აწუხებდა ზამთარს( მხოლოდ მეოცნებეებს შეუძლიათ ასეთ რამეებს მიხვდნენ).  ერთ საღამოს, გადაწყვიტა ღამით მარტო არ დაეტოვებინა სტუმარი, აიღო  საყვარელი ზღაპრების წიგნი და ქუჩაში გავიდა... ლამპიონების ქვეშ, თბილი საბნის ქვეშ მოიკალათა და წიგნი გადაფურცლა.
ბნელ ღამეს შერეული შავი ფისო დაეხეტებოდა ახლომახლო...  თვალი შეასწრო გოგონას... მივიდა და კმაყოფილი კრუტუნით შეახტა მუხლებზე... რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში გაინაბა და სმენად იქცა( შავი ფისოები ხომ ჯადოსნები არიან  და ყველაფერს შეიძლება მიხვდნენ)...
გოგონამ გაიღიმა და დაიწყო...
-„ცხოვრობდა დედამიწაზე ერთი კეთილი, მხიარული ზამთარი...“
გაოცებული უცქერდა ზამთარი... მიუახლოვდა და ლამპიონზე ჩამოჯდა...
-„ის მეგობრობდა მეოცნებე ადამიანებთან და მღეროდა მათთვის მხიარულ სიმღერებს.“...-აგრძელებდა გოგონა. –„ყველას  ბედნიერებით ავსებდა.“
ზამთარი ჩაფიქრდა და სიმღერა მოუნდა... მხიარული სიმღერა, სითბოთი  და სიყვარულით სავსე... იმ სითბოთი, რომელიც აძლებინებდა გოგონას მისი სუსხით გაჟღენთილ ღამეში.
და ამღერდა... უხვი, ქათქათა ფიფქები შემოეხვივნენ ირგვლივ ლამპიონების მკრთალ შუქებს,
აფარფატდნენ სახლების ფანჯრებთან... მოედნენ სახურავებს და ქვაფენილებს...
ისხდნენ გოგონა და შავი ფისო სუსხიანი ზამთრის გრძელ,  თბილი ფიფქებით გადათეთრებულ ბნელ  ღამეში და მხიარული ზამთრის ზღაპარს კითხულობდნენ...
იღიმებოდა გოგონა...
მღეროდა, ფიფქებად იღვრებოდა ზამთარი...
კმაყოფილი კრუტუნებდა თვალებმილულული, ცნობისმოყვარე შავი ფისო...

დილით, თბილი ოთახებიდან გამოსულ ადამიანებს თეთრად  დაუხვდათ დაფიფქული სახურავები და ქვაფენილი... ქუჩები გაივსო ბედნიერღიმილიანი ბავშვებით... ყველამ გულღიად ჩამოართვა ხელი და „დილა მშვიდობისა“ უსურვა ზამთარს... ერთმანეთს...
ამის შემდეგ აღარ იმალება ზამთარი... ხმამაღლა მღერის მხიარულ სიმღერებს და ქათქათა სიტყვებს აფრქვევს ფიფქებად...
მღერის ზამთარი...
მეოცნებე ადამიანებისთვის მღერის...



"წამყე ბეთანიისაკენ!"


  დათოვლილი ბეთანია... ეს არის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ლაშქრობის მოყვარულნი. ამისთვის არც ბევრი ფინანსებია საჭირო და არც განსაკუთრებული მომზადება. უბრალოდ, უნდა ჩაიცვათ თბილად, ზურგჩანთაში ჩაილაგოთ მინიმალური საკვები და წახვიდეთ... 
  მოგზაურთა კლუბმა,  "Hiking and traval tours" ერთდღიანი გასვლა განახორციელა ბეთნიის ტყეში, ბეთანიის მონასტრისკენ. მეგზურობას ნიკოლოზ თორელ-ჯავახიშვილი გვიწევდა. კოჯრამდე სარეისო ავტობუსს ავყევით. გზას ვეღარ გავაგრძელებ, თოვლიანი და მოყინულია გზებიო.–გვითხრა მძღოლმა. ჩამოვქვეითდით. მოხუცი კაცი იდგა ავტობუსის მოლოდინში.  –სახლში ვეღარ წავსულვარ ამ უგზოობის გამოო.–შემოგვჩივლა. 
  ფეხით გავუყევით გზას. უხვად თოვდა. ზოგი საუბრობდა, ზოგი ფიქრებს წაეღო და ჩუმად მოაბიჯებდა. კოჯრიდან ფეხით სვლა გაუთვალისწინებელი იყო და ორგანიზატორები ხმამაღლა ბჭობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. არ უნდა დაგვღამებოდა.
–წნევა დაეცა, მთელი დღე ითოვებს.–პროგნოზი გააკეთა ძია ნიკომ.
3–4 კმ–ის გავლის შემდეგ ავტობუსი წამოგვეწია, გახარებული მოხუცი იჯდა შიგ. –აი, წამოგეწიეთ, საით გაგიწევიათ ამ თოვაში?–შეგვეხმიანა.
–ბეთანიის მონასტრისკენ.–ვუპასუხეთ.
–ბევრი გაქვთ სავალი, გოგოები მაინც დაინდეთ.–შეშფოთდა მოხუცი.
–მიჩვეულები ვართ ბაბუ.–დავამშვიდეთ ღიმილით.
ბეთანიის სათხილამურო ტრასებამდე მიგვიყვანა ავტობუსმა. პირდაპირ ტყეში შევედით, უკვალავ, მუხლამდე თოვლში. საოცარი სითეთრე დაგვხვდა. გაყინული ხეები. ერთ რამედ ღირდა ამის ნახვა. მივაბიჯებდით და თითოეულ ჩქამზე თოვლი იფშვნებოდა ტოტებიდან...

        ყავისფერი ძაღლი შემოგვხვდა გზად. უზომოდ გაუხარდა მოლაშქრეების დანახვა. კუდს გვიქიცინებდა და დახტოდა ჩვენს გარშემო... გამოგვყვა, მეგზურობა გაგვიწია.




  დაახლოებით დღის 1 საათზე მივაღწიეთ საბანაკე ადგილს. ულამაზესი ხედი გადაიშალა ჩვენს თვალწინ. ვიდექით მთაზე, საიდანაც დათოვლილ ბეთანიის მონასტერს სწვდებოდა მზერა.


  თოვლში კოცონის დანთებას შევუდექით, არც ისე მარტივი აღმოჩნდა, 30 წუთზე მეტი მოანდომა ლადო ჟივიძემ, ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, რომელიც მუდმივად თავის თავზე იღებდა მსგავს სირთულეებთან შედეგიან გამკლავებას.
შიშინით იწვოდა სველი შეშა. გათოშილები ირგვლივ ვუსხედით, უხვ კვამლში გახვეულები.
ცხელი ყავის დალევის საშუალებაც მოგვეცა.

  ცოტაოდენი შესვენების მერე იყო სიგიჟეები: თოვლის ჭამა, ნებით თუ ძალით(ლადომ ამ საკითხშიც თავი გამოიჩინა),
 დათოვლილ ტოტებზე გაბმული ჰამაკი, კარავი...
და ზამთრის ტურის საფირმო ტკბილეული– "ტურსკიმო", რომლის დაგემოვნების საშუალებაც ყველას არ ეძლევა.

    შუადღეც გადავიდა. 
    ავიშალეთ.
    უკან დაბრუნება ახალდაბის გზით გადაწყვიტეს ორგანიზატორებმა. რთული სავალი აღმოჩნდა... ერთი–ორგან ზვავი დაგვხვდა ჩამოწოლილი და ბილიკი გადაფარული, მაგრამ პოვნა მაინც მოვახერხეთ. რამოდენიმე სახიფათო მონაკვეთის გავლაც მოგვიხდა, მოლიპულ კლდისპირებზე.  
   მივაბიჯებდით და თითქოს ჩავიკარგეთ დათოვლილ ხეებს შორის, მიწაზე რომ დასთრევდათ ტოტები თოვლის სიმძიმისგან. 

   ჩამობნელდა ამასობაში... ფარნები ააციმციმეს ორგანიზატორებმა. გზა არ ილეოდა, ენერგი – კი.
   საერთო ჯამში, 18 კმ გავიარეთ მუხლზე, უკვალავ თოვლში.
   საღამოს 7 საათისთვის მივაღწიეთ ახალდაბას. დავინახეთ ლამპიონები, რომლებსაც ნება–ნება ეფრქვეოდა ფიფქები და დათოვლილსახურავიანი სახლების საკვამურებიდან კვამლი ამოდიოდა. ალბათ როგორი სითბო და სიმყუდროვე იყო ოთახებში. ამ სახლებში წარმოვიდგინეთ თავი, ხელში ცხელი ჩაით სავსე ჭიქებით...
    ამ ოცნებაში, კინაღამ ავტობუსმა გაგვასწრო.
სწრაფად, თორემ თბილისამდე გაგრძელდება ჩვენი ლაშქრობაო. –გვეძახდა ძია ნიკო.
  ...და ასეც იქნებოდა, ისევ ლადოს რომ არ ევაჟკაცა. რეკორდული სისწრაფე განავითარა, სირბილით დაეწია მიმავალ ავტობუსს და გააჩერა. მძღოლიც მოთმინებით დაგველოდა...
   დავბრუნდით თბილისში დაღლილები, გაყინულები, მაგრამ შთაბეჭდილებებით სავსენი, სიცივისგან გაჭარხლებული ცხვირებით და ბედნიერღიმილიანი სახეებით.

  მომავალ ზამთრამდე გამყვება ეს თოვლი...  ალბათ....
 

ფოტოების ავტორი: ნიკოლოზ თორელ–ჯავახიშვილი


                                                         

იანვრის კახისის ტბა

  რა შეიძლება იყოს ქალაქის ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება?
  ადამიანებს ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ზოგს  სახლი და კომფორტი ურჩევნია. მაგრამ არსებობენ „თავზეხელაღებულნი“, რომლებიც არ უშინდებიან ზამთრის სიცივეს და მთებისკენ მიუწევთ გული.
  შევიკრიბეთ  8 მოლაშქრე და კახისის ტბის დასალაშქრად გავეშურეთ, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარეობს.
  ბორჯომამდე მატარებლით ჩავედით,
შემდეგ კი, დავიწყეთ ფეხით სვლა,  რკინიგზის სადგურიდან - კახისის ტბამდე.  
სოფელ ჭობისხევამდე უნდა მივსულიყავით, საიდანაც უკვე შევუყვებოდით კახისის ტბისკენ მიმავალ გზას.
  ბევრი იყო სავალი, 21 კილომეტრი.
მძიმე ზურგჩანთებმა თავისი ქნა და მთის ფერდობზე მიმავლებს ენერგია გამოგვეცალა. 
მთიდან მომავალი ბიჭი შემოგვხვდა.
-სად მიდიხართ? - გვკითხა გაოცებით.
-კახისის ტბაზე.
- ამაღამ იქ უნდა დარჩეთ?
-კი, იქ უნდა დავრჩეთ.
ბიჭს თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან.
-ეციება ღამე, გაიყინებით!
-ცეცხლს დავანთებთ...
-ფრთხილად იყავით! ნადირი იცის.- გაგვაფრთხილა და დაბლა დაეშვა.

   ბნელდებოდა, ფეხს ავუჩქარეთ. საღამოს 7 საათზე მივაღწიეთ მიტოვებულ სოფელ, დაბაძველს.
ბლომად იდგა ხის ფარღალალა ქოხები, მიტოვებული, მოუვლელი, მაგრამ  იდუმალი და ძველ პეწშემორჩენილი.
ტყისმჭრელები დაგვხვდნენ სოფელში. „გაიყინებით ამაღამო“,-შეწუხდნენ. ღუმელიანი ქოხი მიგვასწავლეს, სანთლები მოგვცეს და 2  ტომარა შეშა.
ძველი ქოხი იყო, უამრავი ღრიჭოთი, კედლებში და იატაკში ქარი ატანდა, ციოდა...

ავანთეთ ღუმელი და შემოვუსხედით. ატკაცუნდა ნაძვის შეშა და სასიამოვნო, ნაძვის ფისის არომატში გაგვხვია. გავთბით, ჩაი  მოვიდუღეთ,  სიმღერის განწყობაც მოვიდა. გვიან დავიძინეთ.

  დილით გავემართეთ ტბისკენ. დაახლოებით 3 კილმეტრი ვიარეთ უკვალავ, მუხლამდე თოვლში. ტბა დამალული დაგვხვდა, სქელი ყინულითა და თოვლით დაფარული.
  ჩვენი ნაცნობი ბიჭი მოვიდა ცოტა ხანში, ცხენზე ამხედრებული, ბეჭზე თოფგადებული და წელზე  სავაზნე ქამარშემორტყმული, მზისა და ქარისგან წითლად აწითლებული ლოყებით.
-გამარჯობათ! ხომ მშვიდობითა ხართ?-მოგვესალმა რიხიანად.
გაგვახარა მისმა დანახვამ.
-რა გქვია, სად ცხოვრობ?-შემოვეხვიეთ ირგვლივ.
ჩამოქვეითდა.
-აქაური ვარ, გიგა მქვია.
-ეგ თოფი რად გინდა, სანადიროდ ამოხვედი?
-არა, მაგრამ გზაში დათვი რომ გადამეყაროს თავი ხომ უნდა დავიცვა?
-მათხოვებ თოფს?-ჰკითხა ერთ-ერთმა მოლაშქრემ.
-გინდა გასროლინო?-ეშმაკურად გაეღიმა გიგას.
-მინდა...
ბიჭმა  ქამრიდან ვაზნა ამოიღო, თოფი დატენა და მიაწოდა. გამომცდელი თვალით აკვირდებოდა მის ყველა მოძრაობას.
ჰაჰაჰა... არ გცოდნია სროლა... -გულიანად გაეცინა მას. - ჩახმახი თუ არ შეაყენე, როგორ ისვრი?
-ხშირად ამოდიან ჩვენსავით, მოლაშქრეები?-ვაყრიდით კითხვებს.
-ამოდიან, როგორ არა, მაგრამ ზაფხულში. ამოდენა თოვლში აქ არავინ ამოსულა.
-ეს ცხენი შენია?
-ჩემი ცხენია, 3 თვე დაკარგული მყავდა და გამოჩნდა ბოლოს... გინდა დაჯდე?
-უნაგირი რომ არა აქვს?
-რად უნდა უნაგირი, ისეთი მსუქანია.-გაეღიმა მას. - მონასტერში უკვე იყავით? მე გაგიძღვებით, გზას გაგიკვალავთ.
გავემართეთ დაბაძველის ღვთისმშობლის სახელობის  მონასტრისკენ.

მამა ლუკა დაგვხვდა მონასტერში. ხატებით დაგვასაჩუქრა, ზაფხულში ამოდით, გაცილებით ლამაზია აქაურობაო.
გაშუადღდა. უკვე ვეშურებოდით უკან დაბრუნებას, ამოდენა გზა გვქონდა გასავლელი.
-მოკლეებზე ჩაჭერით, ჩემს ნაკვალევებს გაყევით და უფრო ჩქარა ჩახვალთ.- რჩევა დაგვადევნა გიგამ.
დავეშვით.
დავბრუნდით ქალაქში. დავბრუნდით იმ განწყობით, რომ ზაფხულში ისევ ავალთ... ავალთ იმ ფარღალალა ხის ქოხების, ნაძვნარების ხათრით... მამა ლუკას ხათრით...  ავალთ იმიტომ, რომ ყინულისა და თოვლის საბანგადაფარებული კახისის ტბა გაღვიძებული ვიხილოთ.

ფოტოების ავტორი: ანზორ მეხრიშვილი