четверг, 6 февраля 2014 г.

ამბავი ნაღვლიანი ზამთრისა

ზამთრის ერთ ცივ, უხვი ფიფქებით დახუნძლულ ღამეს, ერთმა ბიჭმა, თავისი სოციალური ქსელის გვერდზე ეს ფოტო დადო...
ჩვენ ვისაუბრეთ ფოტოს შესახებ...
როგორ შეიძლება იყო თბილად ფიფქების ქვეშ... წიგნით ხელში, ქუდით და საბნით, რომელშიც შავი ფისო განაბულა... იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს შავი ფისო, ახლომახლო დაეხეტებოდა და წიგნის შინაარსით დაინტერესდა...  მოსასმენად მოვიდა და სითბო მოუტანა გოგონას...
მე და ის ბიჭი შევთანხმდით, რომ მე აუცილებლად დავწერდი ზღაპარს შავ, ცნობისმოყვარე ფისოზე, რომელსაც წიგნის შინაარსი აინტერესებდა...  

და ასე დაიბადა ეს ზღაპარი...



                                                                         
                                            ამბავი ნაღვლიანი ზამთრისა
პატარა დედამიწის,  ერთ პატარა კონტინენტზე, პატარა ქვეყნის ერთი პატარა ქალაქი ზამთარს მასპინძლობდა.  
   ერთი უცნაურობა სჭირდა სტუმარს... არავისთან სურდა საუბარი... მხოლოდ სუსხიან ხელს ჩამოართმევდა დილით, თბილი სახლებიდან გამოსულ ადამიანებს...  არც ადამიანები გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით, ხელებს თბილ ხელთათმანებში მალავდნენ,  სახეს კი  ყელსახვევებში, ერთმანეთსაც კი არ ესალმებოდნენ, აქაოდა გაგვეყინება პირიო... დუმდნენ... და დუმდა ზამთარიც, აღარ სურდა საუბარი...
ამ პატარა ქალაქში, ადამიანებს არასოდეს ენახათ ფიფქები...
  ღამით, როცა ყველა იძინებდა, მხოლოდ მაშინ იწყებდა ზამთარი  ჩუმ  ღიღინს და მისი სიმღერა ფიფქებად ეფრქვეოდა ქალაქს. დილით, ადამიანებს ქვაფენილი და სახურავები ნაცრისფერი ხვდებოდათ... დიახ, დიახ... ნაცრისფრად ღიღინებდა ნაღვლიანი ზამთარი, ნაღვლიან სიმღერებს და ნაცრისფერ სიტყვებს აფრქვევდა ქალაქს... ნაცრისფრად თოვდა...
  ერთი პატარა, მეოცნებე გოგონა ცხოვრობდა ამ ქალაქში... ხვდებოდა, რომ რაღაც აწუხებდა ზამთარს( მხოლოდ მეოცნებეებს შეუძლიათ ასეთ რამეებს მიხვდნენ).  ერთ საღამოს, გადაწყვიტა ღამით მარტო არ დაეტოვებინა სტუმარი, აიღო  საყვარელი ზღაპრების წიგნი და ქუჩაში გავიდა... ლამპიონების ქვეშ, თბილი საბნის ქვეშ მოიკალათა და წიგნი გადაფურცლა.
ბნელ ღამეს შერეული შავი ფისო დაეხეტებოდა ახლომახლო...  თვალი შეასწრო გოგონას... მივიდა და კმაყოფილი კრუტუნით შეახტა მუხლებზე... რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში გაინაბა და სმენად იქცა( შავი ფისოები ხომ ჯადოსნები არიან  და ყველაფერს შეიძლება მიხვდნენ)...
გოგონამ გაიღიმა და დაიწყო...
-„ცხოვრობდა დედამიწაზე ერთი კეთილი, მხიარული ზამთარი...“
გაოცებული უცქერდა ზამთარი... მიუახლოვდა და ლამპიონზე ჩამოჯდა...
-„ის მეგობრობდა მეოცნებე ადამიანებთან და მღეროდა მათთვის მხიარულ სიმღერებს.“...-აგრძელებდა გოგონა. –„ყველას  ბედნიერებით ავსებდა.“
ზამთარი ჩაფიქრდა და სიმღერა მოუნდა... მხიარული სიმღერა, სითბოთი  და სიყვარულით სავსე... იმ სითბოთი, რომელიც აძლებინებდა გოგონას მისი სუსხით გაჟღენთილ ღამეში.
და ამღერდა... უხვი, ქათქათა ფიფქები შემოეხვივნენ ირგვლივ ლამპიონების მკრთალ შუქებს,
აფარფატდნენ სახლების ფანჯრებთან... მოედნენ სახურავებს და ქვაფენილებს...
ისხდნენ გოგონა და შავი ფისო სუსხიანი ზამთრის გრძელ,  თბილი ფიფქებით გადათეთრებულ ბნელ  ღამეში და მხიარული ზამთრის ზღაპარს კითხულობდნენ...
იღიმებოდა გოგონა...
მღეროდა, ფიფქებად იღვრებოდა ზამთარი...
კმაყოფილი კრუტუნებდა თვალებმილულული, ცნობისმოყვარე შავი ფისო...

დილით, თბილი ოთახებიდან გამოსულ ადამიანებს თეთრად  დაუხვდათ დაფიფქული სახურავები და ქვაფენილი... ქუჩები გაივსო ბედნიერღიმილიანი ბავშვებით... ყველამ გულღიად ჩამოართვა ხელი და „დილა მშვიდობისა“ უსურვა ზამთარს... ერთმანეთს...
ამის შემდეგ აღარ იმალება ზამთარი... ხმამაღლა მღერის მხიარულ სიმღერებს და ქათქათა სიტყვებს აფრქვევს ფიფქებად...
მღერის ზამთარი...
მეოცნებე ადამიანებისთვის მღერის...



1 комментарий:

  1. აი ამაან კიიი მაგრად დაგლიჯააა ! მართლა საღოლ მარიი :* მშვენიერიააა ! :)

    ОтветитьУдалить