მოგზაურთა
კლუბი, „ფენიქსი“, უხვთოვლიან ხადას ხეობას ესტუმრა.
გავემართეთ ხეობის ბოლო სოფელ, წკერესკენ.
გზად გავაირეთ
რამოდენიმე დაცლილი სოფელი, მხოლოდ ერთი-ორი მეცხვარის ძაღლი თუ შემოგვყეფდა გაღმა
გორიდან და საკვამურებიდან კანტიკუნტად ამომავალ
კვამლს თუ მისწვდებოდა მზერა.
ბრწყინავდა და თვალს გვჭრიდა თოვლი, ფილტვებს ანებივრებდა
ცივი, კრიალა ჰაერი და მზერას ატყვევებდა ხეობების სილამაზე.
დღის მეორე ნახევარში, მივედით წკერემდე, სადაც სულ 3 ადამიანია რჩება ზამთარში, ძია ტარიელი,
დეიდა თამარი და ანიკო ბებო.
- „მოდით შვილებო, მოდით, რამ დაგათელინათ ამოდენა გზა
ამ თოვლში, კიდევ კარგი, ამინდი მზიან შეგხვდათ
და ზვავ არ დაგატყდათ თავს ან ნადირ არ გადაეყარეთ.“- გამოგვეგება შეშფოთებული დიასახლისი.
კოხტა სახლი იყო, შუშაბანდიანი, რომელსაც უხვად ეფრქვეოდა
მზის სხივები და შუქსა და სითბოში ხვევდა.
-„მოდით შვილებო, მიუსხედით ღუმელს და გალღვით, დადეთ
ეგ ბარგი... რად შეწუხდით, რამდენი რამ ამაგიტანიათ, მე რაღა მასპინძელ გამოვდივარ.
“-ფაციფუცობდა დიასახლისი.
შემოღამდა, ნეტარი სითბო და ხალისი ტრიალებდა ოთახებში...
ხინკლის მოხვევა დავიწყეთ...
ანიკო ბებო მოვიდა მეზობელ სახლიდან, თბილი ცისფერი
თვალებით მოგვესიყვარულა.
-„ცომი ძალიან
არ გაათხელოთ, არ ჩაგეშალოთ ხინკალიო.“- რჩევებს
იძლეოდა ღუმელთან მჯდარი მოხუცი, რომელიც გაფაციცებით
გვადევნებდა თვალს.
- „რამხელა
მადლი ტრიალებდა ამ სახლში როცა შემოველ, სოფელიც
სავსე იყო და ერთმანეთს ვაძლებინებდით მკაცრ
ზამთარში“-იგონებდა დიასახლისი და ხინკლის მოხვევაში გშველოდა.
სუფრა გაიშალა... ფანდურის ხმითა და სიმღერით შეზავდა
საღამო...
-„ჩემს ახალგაზრდობაში,
20 მანეთი მივეც ჩონგურს, ახლა კი მთელი ჩემი
პენსია ღირსო.“-იღიმებოდა ანიკო ბებო.
-„დაუკარით ბებო, იმღერეთ.“- ხმიანობდნენ ახალგაზრდები...
-„რა ხანია ჩონგურ აღარ დამიკრავს, შვილიშვილები რომ
ამოდიან, შემომისხდებიან-ხოლმე, ბებო დაკვრა
გვასწავლეო. გარმონზეც ვიცი დაკვრა... მიყვარდა ძალიან... ბებიაჩემ რომ დამეღუპა, გამოვკეტავდი
კარს ავიღებდი ჩონგურს და ვაჩხაკუნებდი, მეზობლებს
რომ არ გაეგოთ... გარმონზე ვერ ვუკრავდი, ხმამაღალია და ხმას ვერ დაიჭერდა კარიო.“-წარსულის
მოგონენებებს აცოცხლებდა მოხუცი.
-„სადღა მახსოვს, ადრე რამდენ სიმღერას ვუკრავდი, ახლა
ძალა აღარ შემრჩა მკლავში.“-იმორცხვებდა მოხუცი, თუმცა მაინც გაგზავნა ძია ტარიელი
და თავისი ფანდური მოატანინა, -„ჩემი სხვანაირია და იმაზე დაკვრასა ვარ დაჩვეულიო“.
ტკბილი იყო
საღამო... ვისხედით თბილ ღუმელთან, შევექცეოდით ხინკალს და ვუსმენდით მასპინძლებს,
რომლებიც გვიამბობდნენ მთაზე, მის მკაცრ ხასიათზე... გარეთ კი, ჩახჩახებდა მთვარე და
სოფლის ორღობეებში მგლები დაძრწოდნენ...
მეორე დილით
ანიკო ბებოს ვესტუმრეთ. ფარდაგების ქსოვის უბადლო მცოდნეა მოხუცი. გულითადად შემოგვეეგება და შეგვიყვანა ფარდაგებით
მოფენილ ოთახში.
-„ფარდაგებს შვილიშვილებისთვისა ვქსოვ , ძაფებს მე თვითონა
ვღებავ, ადრე ვყიდულობდი და იმით ვქსოვდი მაგრამ
ახლა ვეღარ ჩავდივარ ბარს, თუ ამოხვალთ კიდევ ჩვენსას, წამომიღეთ ფერადი ძაფები და ეგ სურათებიც
ახლა რაც გადაიღეთ.“- იღიმოდა ანიკო ბებო.
-„აგე, ის ფარდაგი სამზითვოდ მავიქსოვე, მაშინ ჩვიდმეტი
წლისა ვიყავ და ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს პეწი.“- სიყვარულით შესცქეროდა ფარდაგს.
-„ცოტაღაა დარჩენილი, ვინც ამეებსა ქსოვს დღეს, ამოდით
ზაფხულს და მიებარენით მოსწავლეებად ანიკო ბებოს, ისწავლეთ ფარდაგების ქსოვა და არ
დაუკარგოთ თაობებს ის, რაც სისხლში და გენში
გვაქვს.“- თხოვნა ჟღერდა დეიდა თამრიკოს ხმაში.
-„წინდის ქსოვა თუ იცით, ესეც არ გაგიჭირდებათ, დრო
უნდა და ნებისყოფა.“-ამბობდა ანიკო ბებო, რომელიც იჯდა და გულდაგულ გვაჩვენებდა უზორის
გამოყვანას.
-„თუ გინდა ადამიანი დასწყევლო, უნდა უთხრა „შენ დაბერდიო“,
მკლავში ძალა აღარ მომდევს. ადრე, ჩემი ქმარი რომ ცხორს წავიდოდა,
დღეში ერთ საბანსა ვკერავდი, ახლა კიდე ერთ კვირას ვუნდებიო.“-წუხდა ანიკო ბებო.
სიყვარულით შესცქეროდა ფარდაგებს, დაკოჯრილი ხელებით
ეფერებოდა...
-„ ფილმის გადასაღებად იყვნენ ამოსულნი ამას წინათ,
წაიღეს ჩემი ფარდაგები, ერთი კვირის მერე კი დამტვერიანებულ-დაბეჩავებულნი მამიტანეს,
არ გაუფრთხილდნენ.“- ცრემლი ეძალებოდა თვალებში.
შორი, და რთული გზა გვედო წინ. თბილად დავემშვიდობეთ მასპინძლებს, თითო რქა არყით დავლოცეთ დამხვდურნი, გამძლეობა ვუსურვეთ.
-„ვერ ვტოვებთ აქაურობას, ჩვენც რომ წავიდეთ, ხომ ჩაკვდება და გავერანდებაო.“- გულისტკივილით ამბობდა ძია ტარიელი.
დავეშვით.
უკან რჩებოდა
სოფელი წკერე... მოვდიოდით დაფიქრებულნი, გამთბარი გულებით და გაურკვეველი სევდით აღვსილნი.
ამ ხალხის სულიერი
სიმტკიცე, ნებისყოფა და საკუთარი კერის უსაზღვრო სიყვარული მათ მიმართ უსაშველოდ დიდ
პატივისცემას გვიღვივებდა... გვასწავლიდა, როგორ უნდა მოუფრთხილდე იმას, რაც შენთვის
ასე ძვირფასია.
Комментариев нет:
Отправить комментарий